მიხეილ სააკაშვილი - ქვეყანაში სამართლიანობა აუცილებლად უნდა აღდგეს
მიხეილ სააკაშვილი - ქვეყანაში სამართლიანობა აუცილებლად უნდა აღდგეს
17:04 28.12.2012
მიხეილ სააკაშვილმა ვანის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის დავით კაკაბაძის, რომელიც სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს,- ოჯახის წევრები პრეზიდენტის სასახლეში მიიღო.
როგორც მათთან საუბრისას ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, იგი დარწმუნებულია დავით კაკაბაძის უდანაშაულობაში. სააკაშვილის თქმით, საკრებულოს თავმჯდომარეები მთელი საქართველოს მასშტაბით მასობრივი წნეხის ქვეშ არიან.
საქართველოს პრეზიდენტმა, შეხვედრისას, ამნისტიის შესახებ კანონზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ ეთანხმება პარლამენტის ინიციატივას იმ პატიმრების გათავისუფლების თაობაზე, რომლებიც სასჯელს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდიან.
მისი თქმით, დაუშვებელია საქართველოს კეთილდღეობისათვის მებრძოლი ადამიანები ისხდნენ ციხეში, მით უფრო მაშინ, როდესაც, ამნისტიის შედეგად, სასჯელაღსრულების დაწესებულებები, შესაძლოა, პედოფილებმა, ნარკოტიკებით მოვაჭრეებმა და ჯაშუშებმა დატოვონ.
მიხეილ სააკაშვილმა დავით კაკაბაძის ოჯახის წევრები გაამხნევა და აღნიშნა, რომ სამართლიანობა ქვეყანაში აუცილებლად უნდა აღდგეს.

ბეჭდვა