"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების საკითხზე მოლაპარაკებების მიმდინარეობას საეჭვოს უწოდებს.
როგორც თარგამაძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს საპატრიაქო მოლაპარაკებებში ჩართული არ არის.
"როდესაც ბერძნული ეკლესიის პირველი პირი ამბობს, რომ მოლაპარაკებები მასთან არ მიმდინრეობს, ჩვენ მხოლოდ ვარაუდები შეგვიძლია გამოვთქვათ. საქართველოს მთავრობის მხრიდან კონკრეტული განცხადებები მოლაპარაკებებთან დაკავშირებით არ მოგვისმენია"- განაცხადა თარგამაძემ.
თარგამაძის განცხადებით, ჯვრის მონასტრის დაბრუნების მცდელობა ქართველებისთვის ბუნებრივი სურვილია. მის დასაბრუნებლად მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას. მოლაპარაკებები კი - ისრაელის საპატრიარქოსთან ერთად მონასტრის მესაკუთრე ბერძნულ მხარესთანაც უნდა შედგეს.
იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების საკითხზე მოლაპარკებების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას იერუსალიმის პატრიარქიც გამოეხმაურა. როგორც მან "იზრუსთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, "მესამე ძალა" საქართველოს ხელისუფლების გამოყენებით, მას, ისრაელისა და საბერძნეთის ეკლესიებს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს.
