უსუფაშვილი - თუ პრეზიდენტი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე წავა, ვნახოთ მოგებული ვინ დარჩება
უსუფაშვილი - თუ პრეზიდენტი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე წავა, ვნახოთ მოგებული ვინ დარჩება
13:07 28.12.2012
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, დღევანდელ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, იმ საკონსტიტუციო ცვლილების შესახებაც ისაუბრა, რომელიც უმრავლესობას დაგეგმილი აქვს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტს პრაქტიკულად ყველა უფლებამოსილება შეუნარჩუნდება.
„ჩვენ განვიხილავდით იმ საკონსტიტუციო ცვლილებების დაგეგმილ ვადაზე ადრე ამოქმედების საკითხს, რომელიც ძალაში 8 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა შევიდეს და რომლის ძალითაც, პრეზიდენტის უფლებამოსილება იზღუდება. ამ საკითხზე ჩვენ კონსულტაციები უმცირესობის წარმომადგენლებთანაც გვქონდა.
თუმცა ამის გაკეთების შემდეგ, ჩვენი ოპონენტების მიერ, დაიხატებოდა სურათი, თითქოსდა ახლადმოსული ხელისუფლება ცდილობდა, სასწრაფოდ წაერთმია უფლებამოსილება პრეზიდენტისთვის.
ჩვენ გადავწყვიტეთ ხელი არ ვახლოთ პრეზიდენტის არცერთ კომპეტენციას და დავუტოვოთ მას ყველა უფლებამოსილება მისი ვადის ამოწურვამდე, გარდა ერთისა. მას არ ექნება უფლება ერთპიროვნულად შეცვალოს საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხის ნების გარეშე . ქართველი ხალხის ნებას კი, და ამ პროცესებში ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი გამოხატავს“ - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ამის სანაცვლოდ პარლამენტი თანახმაა, რომ პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება კანონით განსაზღვრულ ვადაზე, 6 თვეზე ადრე მიეცეს.
„ პარლამენტი ამ იმუნიტეტს იხსნის და თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ რაიმე ისეთი ხდება ქვეყანაში, რომ მან საქართველო უნდა იხსნას და მთავრობა აუცილებლად უნდა დაითხოვოს, ჩვენ ვეუბნებით რომ კი ბატონო, მხოლოდ ეს უნდა მოხდეს პარლამენტის დათხოვნისა და ახალი არჩევნების ჩატარების გზით“ - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
მისივე თქმით, ამით ახალი ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ და პრეზიდენტს ეუბნება, რომ თუ ისინი ამაზე წამსვლელები არიან, ვნახოთ საბოლოოდ პოლიტიკურად მოგებული ვინ დარჩებაო.
„იმ პერიოდში, როცა 1 ოქტომბრის არჩევნების დროს, ჯარი, პოლიცია, ბიზნესი და კიდევ ბევრი სფერო პრეზიდენტის ხელში იყო, მათ მიიღეს ის რაც მიიღეს, ვნახოთ ახალ რეალობაში რას მიიღებენ. თუ უნდათ საკუთარი თავის გამოცდა ამ არასასათბურე პირობებში, ადმინისტრაციული რესურსის გარეშე, კი ბატონო ჩავატაროთ განმეორებითი არჩევნები“ - დასძინა უსუფაშვილმა.

ბეჭდვა