ალექსი პეტრიაშვილმა მრჩეველთა საბჭოსთან შეხვედრა გამართა
ალექსი პეტრიაშვილმა მრჩეველთა საბჭოსთან შეხვედრა გამართა
16:49 26.12.2012
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, მთავრობის კანცელარიაში, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს განახლებულ შემადგენლობას შეხვდა. მრჩეველთა საბჭოს მუშაობაში არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების, მედიის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები მონაწილეობენ.
მრჩეველთა საბჭოსთან შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით 2012 წელს განხორციელებული სამუშაო პოზიტიურად შეაფასა და 2013 წლის გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. შეხვედრა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მრჩეველთა საბჭოს სხდომის შესახებ საუბრისას სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლების მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის საქართველოს ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრირება.
„ჩვენ, ვთვლით, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობა კონკრეტულ შედეგს მოგვიტანს, საზოგადოება კიდევ უფრო მეტად იქნება გათვითცნობიერებული თუ რას აკეთებს კონკრეტულად მთავრობა, კონკრეტულად სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რა გეგმები გვაქვს და ამ გეგმების განხორციელებაში დიდ როლს ვანიჭებთ რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოების თანამონაწილეობასა და მათ მხარდაჭერას“-განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

ბეჭდვა