ალასანიამ გაერთიანებული შტაბის უფროსის ახალი მოადგილე წარადგინა
ალასანიამ გაერთიანებული შტაბის უფროსის ახალი მოადგილე წარადგინა
13:21 25.12.2012
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, დღეს, გაერთიანებული შტაბის უფროსის ახალი მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია წარადგინა.

„პოლკოვნიკი ჩაჩიბაია კურირებას გაუწევს სამხედრო განათლებასა და ადამიანური რესურსების მართვას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს შეიარაღებულ ძალებში კარიერული წინსვლის სისტემა ძალიან სწორად იყოს ჩამოყალიბებული. ეს არის გრძელვადიანი დაგეგმარების პროცესი და ჩვენ იანვარში უკვე წარმოგიდგენთ ზოგადად თავდაცვის და შეიარაღებული ძალების განვითარების იმ საშუალო ვადიან მოდელს, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში გაწერს, თუ რა გაკეთდება და როგორი რეფორმა განხორციელდება ჩვენს უწყებაში ყოველ თვე. ქართული არმია ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის მოსაფერებელი ოჯახია. ის არის პოლიტიკის მიღმა და ყველა პოლიტიკური ძალა ვთანხმდებით იმაში, რომ ჩვენს არმიას განვითარებაში უნდა შევუწყოთ ხელი“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ვლადიმერ ჩაჩიბაია ოცი წლის განმავლობაში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში. იყო გაერთიანებული შტაბის უფროსი, ასევე თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. 2004 წელს მეთაურობდა ქართულ სამშვიდობო კონტინგენტს ერაყში.

პოლკოვნიკ ჩაჩიბაიას სამხედრო განათლება მიღებული აქვს როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ში. გავლილი აქვს სამხედრო კურსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. დაჯილდოებულია მედლებით „საბრძოლო დამსახურებისათვის“, „გენერალი მაზნიაშვილი“ და II ხარისხის ორდენი უმწიკვლო სამსახურისთვის.

დღეიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს ხუთი მოადგილე ეყოლება.

ბეჭდვა