კამპანიაში "ეს შენ გეხება" მონაწილე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში,
პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმართვას შეიტანენ.
მიმართვაში არასამთავრობოები ხელისუფლებას წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგის მიზნით, საქართველოში ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევას სთხოვენ.
როგორც კამპანიიდან "ნიუსპრესს" აცნობეს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარი ორი ჯგუფი 15.00 საათზე მიმართვას ერთდროულად შეიტანს ადრესატ უწყებებში. პირველი ჯგუფი - პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის ადმინისტრაციაში, ხოლო მეორე ჯგუფი - საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამის შემდეგ ისინი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებენ და მიმართვას პარლამენტის კანცელარიას გადასცემენ.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ქვეყანაში მოწვევის უფლება მხოლოდ ხელისუფლებას აქვს.
"ეს შენ გეხებას" წარმომადგენელთა განმარტებით, აუცილებელია საერთაშორისო დამკვირვებლებმა საარჩევნო პროცესს არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ მანამდეც მიადევნონ თვალი.
