„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი დღეს, მეორე მოსმენით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
აღნიშნული სამსახური, პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარების ნაცვლად, მთავრობის დაქვემდებარებაში იქნება. როგორც პროექტის ინიციატორმა, ირინე იმერლიშვილმა განმარტა, კანონპროექტის მომზადება საქართველოს მთავრობის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი უმაღლესი კოლეგიური ორგანოს, კონსტიტუციური ფუნქციის განმტკიცების ხელშეწყობის აუცილებლობითაა განპირობებული.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 1994 წლიდან დღემდე, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების ქვეშ იყო.
როგორც მომხსენებელმა, ირინე იმერლიშვილმა განმარტა, განხორციელებული ცვლილების შემდეგ აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელს პოსტზე დანიშნავს და გაათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. პროექტის თანახმად, ამ სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხას ასევე, მთავრობა დაამტკიცებს.