ახვლედიანი - ოპოზიციაში დაპირისპირება ხელისუფლებას გააძლიერებს
ახვლედიანი - ოპოზიციაში დაპირისპირება ხელისუფლებას გააძლიერებს
19:10 08.03.2012
ოპოზიციურ ფლანგზე შიდა დაპირისპირება და კამათი ხელისუფლებას გააძლიერებს.  ამის შესახებ "ნიუსპრესს" საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა განუცხადა.
აღნიშნული კომენტარი მან ბიძინა ივანიშვილისა და ნინო ბურჯანაძის მიერ ერთმანეთის მისამართით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას გააკეთა.
მისი თქმით, ეს ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს.
"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ კრიტიკის მთავარი ადრესატი დღეს ხელისუფლებაში მყოფი ძალა უნდა იყოს, რომლის პოლიტიკა კატეგორიულად მიუღებელია. ამდენად, ოპოზიციური კინკლაობა, კამათი და შიდა დაპირისპირება ხელისუფლების გაძლიერებას ნიშნავს" - განუცხადა "ნიუსპრესს" ახვლედიანმა.
ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ნინო ბურჯანაძის მისამართით აცხადებს, რომ თუ ადამიანი თავისი მონაწილეობით საერთო საქმეს ვერ ეხმარება, არ უნდა დააზიანოს მაინც. ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნებაში" შესაძლოა, შიდა პრობლემები არსებობდეს, რომლის გადაბრალებასაც ისინი ორგანიზაციის გარეთ მყოფ პირზე ცდილობენ.

ბეჭდვა