რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა, დღეს ბათუმის პრესკაფეში, აჭარაში მცხოვრებ ეთნიკურ აფხაზებთან, აფხაზეთიდან დევნილებთან,
ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სოციალური ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გამართა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრმა მათ, კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ ახალი მთავრობის ხედვები გააცნო და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზეც ისაუბრა.
”ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია აჭარაში მცხოვრები აფხაზების მოსაზრებები კონფლიქტის მოგვარების შესახებ” - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
შეხვედრის მონაწილე დევნილმა მოქალაქეებმა მინისტრს საცხოვრებელი ფართის პრობლემების მოგვარებაში დახმარება სთხოვეს. ზაქარეიშვილის თქმით, სამ წელიწადში საქართველოში ყველა დევნილისა და იძულებით გადაადგილებული პირის სოციალური, მათ შორის საცხოვრებელი ფართის პრობლემა მოგვარებული იქნება. მისივე თქმით, დევნილების დაბრუნება პოლიტიკური საკითხია და შედარებით მეტ დროს საჭიროებს.
შეხვედრა ასოციაცია ”თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით გაიმართა.
