სასტუმრო „ამბასადორში“, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, უცხოური მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.
პრემიერის „ფეისბუქის“ ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ჟურნალისტთა დელეგაცია 21 ადამიანისგან შედგებოდა, რომლებიც Berliner Zeitung-ს, Independent-ს, The Daily Telegraph-ს, Le Temps-ს, France 24-ს, Le Figaro-ს, TV TF-1-ს და სხვა გამოცემებსა და ტელეკომპანიებს წარმოადგენდნენ.
უცხოური მედიასაშუალებების ჟურნალისტები საქართველოში კოჰაბიტაციის პროცესის მიმდინარეობისა და შესაძლო შერჩევითი სამართლის არსებობით დაინტერესდნენ.
როგორც უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, ძირითადი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ჟურნალისტებმა შეკითხვები დასვეს, ძველ ხელისუფლებასთან ურთიერთობას და შესაძლო შერჩევითი სამართლის არსებობას უკავშირდებოდა.
"დავარწმუნე ისინი, რომ საქართველოში მხოლოდ სამართლიანობის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. არ იქნება შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური დევნა. ასევე, ვისაუბრეთ ეკონომიკაზე და სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობაზეც" - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
