ხელისუფლება კონსერვატორიის, სამხატვრო აკადემიისა და კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობების გაყიდვას გეგმავს.
ამასთან დაკავშირებით განცხადებას საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება" ავრცელებს.
მოძრაობის ინფორმაციით, კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობას მყიდველი უკვე გამოუჩნდა და ის უმოკლეს ხანში გასხვისდება.
როგორც მოძრაობაში აღნიშნავენ, მთავრობის დადგენილებით, კონსერვატორია, სამხატვრო აკადემია და კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის სამინისტროს ქონების განკარგვის უფლებით გადაეცემა.
მოძრაობაში განმარტავენ, რომ "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებებით პრაქტიკულად უქმდება სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების ავტონომია.
"ცვლილებებით უკლებლივ ყველა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი უნდა გახდეს. უმაღლესი სასწავლებლის ქონების განკარგვის უფლებამოსილება ფაქტიურად ახალ სტრუქტურას - მთავრობის მიერ დანიშნულ რეგენტთა საბჭოს გადაეცემა", - ნათქვამია განცხადებაში.
მოძრაობა პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ აუცილებელია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიურობა.
