საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ერთ-ერთი ბერკეტი საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევის მცდელობაა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი გარკვეულ პოლიტიკურ ძალებზე დაყრდნობით ქართველი ხალხის არჩევანსა და ქართულ პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს.
"დარწმუნებული ვარ მომავალში ეს პოლიტიკა ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორც წარსულში იყო" - აღნიშნა ბაქრაძემ.
იგი მიიჩნევს, რომ პუტინმა თავისი განცხადებით საქართველოს მიმართ დამოკიდებულება მკაფიოდ გამოხატა.
"ბატონ პუტინს არაერთგზის აქვს განცხადებული, რომ ქართველი ხალხი უყვარს და არ უყვარს საქართველოს ხელისუფლება. ვიზის გაუქმება მათი მხრიდან ქართველი ხალხის და არა ქართული ხელისუფლების მიმართ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა" - განაცხადა ბაქრაძემ.
როგორც ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, მას ქართველი ხალხის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. თუმცა, სავიზო რეჟიმი ვერ გაუქმდება, რადგან საქართველო დსთ-ის წევრი არ არის.
