იმერეთის რეაბილიტაციისთვის მსოფლიო ბანკი 30 მილიონ დოლარს გამოყოფს
იმერეთის რეაბილიტაციისთვის მსოფლიო ბანკი 30 მილიონ დოლარს გამოყოფს
18:57 17.12.2012
იმერეთის რეგიონის რეაბილიტაცია-განვითარებისთვის მსოფლიო ბანკი საქართველოს 30 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიან სესხს გამოუყოფს.
ამ მიზნით, საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დაფინანსების შეთანხმებას (რეგიონული განვითარების მეორე პროექტი) მოეწერა ხელი და დოკუმენტი სარატიფიკაციოდ საქართველოს პარლამენტს წარედგინა.
აღნიშნული საკითხი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განსახილველად დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დავით ებრალიძემ გამოიტანა. პროექტი იმერეთის რეგიონის მასშტაბით ურბანული, კომუნალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის, პარკების, სკვერების, გზების, გარე-განათების, მიწისქვეშა კომუნიკაციების და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და კეთილმოწყობას ითვალისწინებს.
რეგიონული განვითარების მეორე პროექტი რეგიონული პროექტების ციკლის გაგრძელებას წარმოადგენს. პირველი პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონის განვითარებისათვის გამოყოფილ იქნა 60 მლნ. აშშ დოლარის დაფინანსება ასევე შეღავათიანი პირობებით.

კომიტეტის წევრებმა საერთაშორისო შეთანხმების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირეს.

ბეჭდვა