შაშიაშვილი -"სახალხო კრების" და ნინო ბურჯანაძის გაიგივება სააკაშვილის მზაკვრული ხერხია
შაშიაშვილი -"სახალხო კრების" და ნინო ბურჯანაძის გაიგივება სააკაშვილის მზაკვრული ხერხია
15:12 08.03.2012
"სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრი, მოძრაობა "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი იმედოვნებს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" მიერ გუშინ  გავრცელებულ ვიდეომასალასთან ბიძინა ივანიშვილს კავშირი არ აქვს.
"თუ ეს მისგან მოდის, მისთვის ძალიან ცუდია. არ მინდა "ქართული ოცნება" - "ნაცმოძრაობას", ხოლო ბიძინა ივანიშვილი - კაცთმოძულე სააკაშვილს ოდნავ მაინც დაემსგავსოს" - აცხადებს შაშიაშვილი.
აღნიშნული განცხადება მან "ფეისბუქის" ივანიშვილის გვერდზე ვიდეოჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით გააკეთა.
"სახალხო კრება" "ბოროტმა" სააკაშვილმა ვერ დაშალა და ამას ვერც "კეთილი ძალა" შეძლებს. ყველას ვურჩევთ, ნუ გაიზიარებენ კრების წინააღმდეგ ბრძოლის სააკაშვილის მზაკვრულ ხერხს - "სახალხო კრების" ნინო ბურჯანაძესთან გაიგივებას" - აღნიშნავს შაშიაშვილი.
იგი სხვა შეფასებებისაგან ამ ეტაპზე თავს იკავებს და განცხადებას 7 აპრილს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ არენაზე გამოსვლიდან 6 თვის თავზე გააკეთებს.
ორი დღის წინ, სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" ივანიშვილის გვერდზე ბიზნესმენთან "სახალხო კრების" და "ქართულ აკადემიის" წარმომადგენლების შეხვედრის ვიდეოჩანაწერი დაიდო. ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებულ ნაწილში ბიზნესმენი გასული წლის 26 მაისს განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. ასევე, ნინო ბურჯანაძის მისამართით აღნიშნავს, რომ თუ ადამიანი თავისი მონაწილეობით საერთო საქმეს ვერ ეხმარება, არ უნდა დააზიანოს მაინც.

"სახალხო კრების" წარმომადგენელმა ნონა გაფრინდაშვილმა შეხვედრის სრული ჩანაწერის გამოქვეყნება მოითხოვა. ივანიშვილის ადმინისტრაცია კი, ჩანაწერის გამოქვეყნებას არ გეგმავს, თუმცა, მას "სახლხო კრებას" გაუგზავნის.

ბეჭდვა