ქუცნაშვილი - "ქართულ ოცნებას" გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავენ
ქუცნაშვილი - "ქართულ ოცნებას" გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავენ
14:40 08.03.2012
"ქართულ ოცნებას" პოლიტიკური მრწამსისა და გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავენ. ამის შესახებ ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა "ნიუსპრესს" განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "ქართული ოცნების" საჩივრის განმხილველი სხდომა კონტროლის პალატაში გუშინ გაიმართა.

"სხდომაზე წარვადგინეთ გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიში, სადაც მითითებულია, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს, სიტყვიერად ან მოქმედებით, ამა თუ იმ პოლიტიკურ გაერთიანებას მხარი დაუჭიროს. აქედან გამომდინარე, თუ ქართული ოცნება მონიტორინგის სუბიექტად იქცა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას პოლიტიკური მრწამსისა და გამოხატვის უფლებას უზღუდავენ", - განმარტავს ქუცნაშვილი.

ქუცნაშვილის განმარტებით, სხდომაზე ასევე წარადგინეს იმის დამამტკიცებელი დოკუმენტაცია, თუ რატომ არ შეიძლება "ქართული ოცნება" მონიტორინგის სუბიექტი იყოს.

"ქართული ოცნება" მონიტორინგის სუბიექტად გამოცხადებისთვის კონტროლის პალატას გამოცემული უნდა ჰქონდეს აქტი, რომლითაც მათი ქმედება დასტურდება. ეს აქტი გამოვითხოვეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ ეს არ აქვთ,"- განაცხადა ქუცნაშვილმა.

მისივე განმარტებით, საზოგადოებრივ მოძრაობა "ქართული ოცნების" წარდგენილი წესდების მიხედვით, მათ საქმიანობაში პოლიტიკური მიზანი არ დევს.

"დაველოდებით მათ გადაწყვეტილებას. სწორედ გადაწყვეტილების შინაარსი გვიკარნახებს მომავალი ქმედების გეგმას,"- განაცხადა ქუცნაშვილმა.

საჩივრის განხილვას "ქართული ოცნება" მიმდინარე წლის 6 თებერვლიდან, მას შემდეგ ითხოვს, რაც მოძრაობა კონტროლის პალატამ მონიტორინგის სუბიექტად გამოაცხადა.


ბეჭდვა