რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ინიტა პაულოვიჩამ,
დღეს, პროექტის - ”რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” განხორციელების მიზნით, დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს მხარდაჭერას ადგილობრივი თვითმმართველობების მოხელეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საქმეში, ასევე რეგიონული და ადგილობრივი განვითარების პროგრამების შემუშავებას.
გარდა ამისა, პროექტი გულისხმობს, სხვადასხვა ტიპის პროექტების განხორციელების ხელშეწყობას, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA) დააფინანსებენ.
