ვლადიმერ პუტინს საქართველოსთან მიმართებაში სტრატეგია არ შეუცვლია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესთან" საუბრისას ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.
"დსთ მხოლოდ მომიზეზებაა იმისა, რომ პროგრესი არ განხორციელდეს. როგორც ჩანს, რუსეთს ჩაფიქრებული ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებისთვის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ ბიძგი მიეცა. რუსეთს სურდა, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იმ ფორმატში მომხდარიყო, რომ ქართულ მხარეს არსებული სიტუაცია მისაღებად ჩაეთვალა, რადგან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა ირიბად ოკუპაციასთან შეგუებას გულისხმობს", - განაცხადა საყვარელიძემ.
ვლადიმერ პუტინმა ქართველ ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი ვერ გაუქმდება, რადგან ის დსთ-ს წევრი ქვეყანა აღარაა.
ამასთან, საყვარელიძის თქმით, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, პუტინის განცხადება თეთრი ძაფით ნაკერია და ამით რუსეთი ისეთ პოზიციას იჭერს, თოთქოს, მას ამ მდგომარეობასთან კავშირი არა აქვს.
"ისინი აცხადებენ, რომ თქვენ მოილაპარაკეთ აფხაზებთან და ოსებთან, ჩვენ არაფერ შუაში ვართო", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
