პარტია "თავისუფალი საქართველო" საგარეო საკითხების განსახილველად ქვეყნის ხელისუფლებას საჯარო დებატებში იწვევს.
პარტიაში აცხადებენ, რომ ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში, წინასაარჩევნო კამპანიისას, პარტიებს შორის საჯარო დებატები იმართება.
"სამწუხაროდ, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, საქართველოში ასეთი ტრადიცია აღარ არსებობს"- აცხადებენ "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლები.
დებატების ინიციატივით, "თავისუფალი საქართველო" 25 თებერვალს, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
"სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ, ქვეყნის განვითარების საგარეო კურსთან დაკავშირებით, მოსახლეობას თავიანთი პოზიციები უნდა ამცნონ. ვიმედოვნებთ, რომ, სააკაშვილის წინადადებას ლოგიკური გაგრძელება მოჰყვება და სახელისუფლებო პარტია საჯარო დებატებს თავს არ აარიდებს ", - აცხადებენ "თავისუფალ საქართველოში".
