საქართველოს თავდაცვის მინისტრს დღეიდან ხუთი მოადგილე ეყოლება.
ირაკლი ალასანიამ დღეს საზოგადოებას კიდევ ორი მოადგილე - ზაზა ბროლაძე და თამარ ქაროსანიძე წარუდგინა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თამარ ქაროსანიძე განათლების სფეროს და საკადრო პოლიტიკას გაუწევს კურირებას.
ზაზა ბროლაძე კი, კურირებას თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სფეროს გაუწევს.
„შესყიდვების სისტემა არის ის სისტემა, რომელიც ყველაზე უფრო მეტ კითხვას ბადებს ჩვენს საზოგადოებაში. ასევე, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად გაიწმინდოს და ყველა მოქალაქემ იცოდეს მის მიერ გაღებული ფული როგორ იხარჯება და რამდენად ხმარდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. თავდაცვის სამინისტროში აღარ იქნება ისეთი ფარული შესყიდვები, როგორიც აქამდე იყო“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ მედია წარმომადგენლებისთვის გამართულ ბრიფიგზე.
საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა სამი მოადგილე 31 ოქტომბერს წარადგინა. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ლევან დოლიძე დაინიშნა, რომელიც იმავდროულად თავდაცვის უწყების საპარლამენტო მდივნის ფუნქციასაც ასრულებს. თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ასევე არიან ალექსანდრე ბურჭულაძე და ირაკლი გეგეჭკორი. ალექსანდრე ბურჭულაძის ძირითადი მიმართულება თავდაცვის სამინისტროში საფინანსო დისციპლინის და კონტროლის დამყარებაა. ხოლო ირაკლი გეგეჭკორი თავდაცვითი უსაფრთხოების საკითხებს უწევს კოორდინირებას.
