საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის დავით დარჩიაშვილის შეფასებით, ქართულ პოლიტიკაში არსებულ ძალებს,
რომლებსაც რუსეთისადმი რევერანსები ახასიათებთ, კულტურულ-მენტალური პრობლემები აქვთ.
როგორც დარჩიაშვილმა "ნიუსპრესს" განუცხადა, ეს დაპირისპირებულობაში, ამბიციურობაში, კლანურობაში, გაუტანლობაში, შორსმჭვრეტელობის უუნარობაში გამოიხატება.
ამის შესახებ "ნიუსპრესთან" უმრავლესობის წევრმა ბიძინა ივანიშვილისა და ნინო ბურჯანაძის მიერ ერთმანეთის მისამართით გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას ისაუბრა.
"ამ ძალების კიდევ ერთი ნიშანია - სრული მოუთმენლობა და ამბიციურობა. პრორუსულ ბანაკში სერიოზული კულტურულ-მენტალური პრობლემებია. მათთვის ფსიქოთერაპია არ ჩამიტარებია, მაგრამ გარედან ასე ჩანს. მათი ერთად დგომა და რაიმე პოზიტიურის შექმნა ხანგრძლივადიან პერსპექტივაში შეუძლებელია. რაღაცას შეეცდებიან, მერე ისევ იჩხუბებენ, რაღაც არ გამოუვათ და ერთამანეთს დააბრალებენ. ეს ხომ გავლილი გვაქვს?" - განუცხადა "ნიუსპრესს" დავით დარჩიაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი ნინო ბურჯანაძის მისამართით აღნიშნავს, რომ თუ ადამიანი თავისი მონაწილეობით საერთო საქმეს ვერ ეხმარება, არ უნდა დააზიანოს მაინც. ნინო ბურჯანაზე კი, მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნებაში" შესაძლოა, შიდა პრობლემები არსებობდეს, რომლის გადაბრალებასაც ისინი ორგანიზაციის გარეთ მყოფ პირზე ცდილობენ.
