„თავისუფალი საქართველო“ დედოფლისწყაროს თვითმმართველობაში ყოფილი ნაციონალების დასაქმებას და ნეპოტიზმის გაგრძელებას აპროტესტებს
„თავისუფალი საქართველო“ დედოფლისწყაროს თვითმმართველობაში ყოფილი ნაციონალების დასაქმებას და ნეპოტიზმის გაგრძელებას აპროტესტებს
17:14 07.12.2012
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, დედოფლისწყაროს თვითმმართველობის საკრებულოს თავმჯდომრის და გამგებლის განთავისუფლების შემდგომ, ახალ გამგებლად ფინანსთა სამინისტროს ყოფილი ფინანსისტი ირაკლი შიოლაშვილი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარედ, ყოფილი ნაციონალი აქტივისტი და საკრებულოს დეპუტატი ლევან ნატროშვილი დაინიშნა.

„ ორივე ეს პირი ნაციონალების ბიუჯეტიდან საკმაოდ მაღალანაზღაურებად ხელფასზე, მშვენიერ სასათბურე პირობებში იყვნენ ნაციონალების მთავრობაში ყოფნის დროს და ახლაც მაღალ თანამდებობებს მოერგნენ. თვითმმართველობის სამსახურის უფროსებად ინიშნებიან კადრები დედოფლისწყაროს „ქართული ოცნების“ შტაბიდან და ასევე გრძელდება დანიშვნები, ნათესაურ, ახლობლური და მეგობრული ნიშნით. დასუფთავების სამსახურში, სადაც ყოველთვიურად დიდი რაოდენობით თანხები ირიცხება, დანიშნულ იქნა გამგებლის მეგობარი ელიზბარ ალუღიშვილი. ასეთი მაგალითები მრავლად შეიძლება დასახელდეს“ - აცხადებენ პარტიაში.

„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაცია აპროტესტებს ამ ფაქტებს და აცხადებს, რომ მთავრობის შეცვლა და მხოლოდ ძველი კლანის ახლით ჩანაცვლება რაიონის მოსახლეობაზე არანაირად დადებითად არ აისახება.

„ჩვენ ხშირად ვაპროტესტებდით ნაციონალების მიერ ნეპოტიზმით დასაქმებას. გამოდის, რომ ახალი მთავრობა იგივე კურსს გაჰყვება და სამსახურებში ისევ ნაცნობობით და ნათესაური კავშირის მიხედვით მოხდება დასაქმება, რაც უკვე მკვეთრად არის გამოხატული ჩვენს რაიონში“ - აცხადებენ „თავისუფალ საქართველოში“.



ბეჭდვა