იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, დღეს საქართველოსა და იაპონიას შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე -5 რაუნდი გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა სპექტრი განიხილეს. საუბარი შეეხო ასევე, თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს და ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი ბაზის სრულყოფის საკითხებს. მხარეებმა ასევე შეაჯამეს 2012 წლის განმავლობაში საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ორ ქვეყანაში ჩატარებული კულტურული ღონისძიებები.
სამინისტროს ინფორმაციითვე, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია იაპონიის საგარეო სქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრ კაზუიუკი ჰამადას შეხვდა. შეხვედრის დროს ჯალაღანიამ იაპონელ კოლეგას 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
