მთავრობის კანცელარიაში, დღეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა,
შეხვედრა გამართა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რენო სალენსსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აზიისა და კავკასიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ფრანსუა დელაჰუსთან.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რომელზეც საუბარი საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს შეეხო.
პრესსამსახურის ინფორმაციითვე, ფრანგული მხარე დაინტერესდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ რუსეთში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შემდეგ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დინამიკით. სახელმწიფო მინისტრის განცხადებით კი, საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს რუსეთის მხრიდან ჯერჯერობით ადექვატური რეაქცია არ მოჰყოლია. ამასთანავე, რუსეთის მიერ კვლავ შეუსრულებელია საფრანგეთის რესპუბლიკის (როგორც ევროკავშირის მაშინდელი პრეზიდენტი ქვეყნის) შუამავლობით 2008 წელს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
შეხვედრისას ასევე, განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტები.
სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს პროცესი გამჭვირვალედ, კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს და რომელიმე პირის მიმართ შერჩევითი სამართლის გამოყენების საფრთხე არ არსებობს.
