პარტია „საქართველოს გზა,“ ვერაზე მდებარე წმ. იოაკიმეს და ანას სახელობის სამშობიარო სახლის ნგრევას აპროტესტებს და მიიჩნევს, რომ მას თავისუფლედ შეიძლება ისტორიული ძეგლის სტატუსი მიენიჭოს.
ამ თემაზე დღეს პარტიის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს.
„ფილარმონიასთან მდებარე ეს რამდენიმე სართულიანი უზარმაზარი შენობა და 4000 მ2 მიწის ნაკვეთი 2007 წელს, სიმბოლურ ფასად, 1 დოლარად გადაეცა საპატრიარქოს. საპატრიარქოს პირობებში სამშობიარომ შესაბამისი პროფილით დაიწყო ფუნქციონირება და მშობიარეთა გარდა დახმარებას უპოვარ მოსახლეობას უწევდა.
არ ვიცი რამდენადაა საპატრიარქო ინფორმირებული, თუმცა ხელისუფლების მაღალი ეშელონების სურვილით, წმ. იოაკიმეს და ანას სამშობიარო, პრეზიდენტის დადგენილებით სიმბოლურ ფასად 1000 დოლარად გადაეცა შპს ” ემჯიაი” ს, რომლის დირექტორიც გახლავთ ვინმე მანანა შარაშიძე. რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ის ცნობილი აბანო პოსეიდონის მფლობელია. საუბრობენ შარაშიძე-ბენდუქიძის საერთო ინტერესებზეც“ - განაცხადა პარტიის წევრმა მამუკა ბალიაშვილმა.
მისივე თქმით, მას ხელთ აქვს შენობის დემონტაჟის პროექტი.
„დღეს ჩვენი პირველი რიგის ამოცანაა ნგრევის პროცესის შეჩერება. ამისათვის საჭიროა, ბათილად იქნას ცნობილი მერიის შესაბამისი გადაწყვეტილება, ასევე საჭიროა ეკონომიკის სამინისტრომ გადახედოს სამართლებრივ მხარეს, რამდენად სამართლიანია ქალაქის ამ უმნიშვნელოვანეს ადგილას ისტორიული და ფუნქციურად მნიშვნელოვანი დაწესებულების დემონტაჟი. შეგახსენებთ, პოსეიდონის მფლობელი ამ ადგილას საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას აპირებს, აქ მხოლოდ მისი ბიზნეს ინტერესია გამოკვეთილი და არა საზოგადოების“ - აცხადებს ბალიაშვილი.
