საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, დღეს  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სამხედრო ექსპერტებსა და სამხედრო თემაზე მომუშავე ჟურნალისტებს შეხვდა. 
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და  მასში 25 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და ექსპერტი მონაწილეობდა.   
შეხვედრაზე საუბარი შეიარაღებულ ძალებზე  სამოქალაქო კონტროლის გაზრდის საკითხს  შეეხო. 
”შევთანხმდით, რომ  ასეთი შეხვედრა ყოველთვიურად  გაიმართება. მაგრამ ისეთ სპეციფიურ თემებზე, როგორიცაა მაგალითად ევროატლანტიკური ინტეგრაცია, თავდაცვითი სტრატეგია, შეიარაღებული ძალების ორგანიზების სტრატეგია - ამ საკითხებზე სამუშაო ჯგუფებთან ერთად  გვექნება ურთიერთობა. ძალიან მიხარია, რომ ამდენმა ადამიანმა - ექსპერტმა, ორგანიზაციამ გამოთქვა გულწრფელი თანამშრომლობის სურვილი თავდაცვის სამინისტროსთან” - განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. 
შეხვედრას თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ასევე, ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან დოლიძე, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის უფროსები.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       