რიჩარდ ნორლანდი დღეს საგარეჯოს ეწვევა
რიჩარდ ნორლანდი დღეს საგარეჯოს ეწვევა
10:39 05.12.2012
ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი, დღეს საგარეჯოში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს გახსნის.
აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, საგარეჯოში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს ამერიკის მთავრობა აფინანსებს. ის ერთ–ერთია იმ ათი ცენტრიდან, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გაიხსნა და საზოგადოებას საჭირბოროტო საკითხების ღია განხილვისათვის ხელსაყრელ ადგილს სთავაზობს. ქვეყნის მასშტაბით დემოკრატიული ჩართულობის 10 ცენტრის დასაფინანსებლად ამერიკის მთავრობამ 5 მილიონი დოლარი გამოყო.
საგარეჯოში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის გახსნის შემდეგ, აშშ–ის ელჩი დაესწრება განხილვას, სადაც ოჯახურ და ქალთა წინააღმდეგ ძალადობაზე ისაუბრებენ. განხილვა საერთაშორისოდ აღიარებულ "გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის" 16–დღიანი პროგრამის ფარგლებში გაიმართება.
დემოკრატიული ჩართულობის თითოეული ცენტრი აღჭურვილია ბიბლიოთეკითა და ინტერნეტით, ხოლო იქ დასაქმებული თანამშრომლები ორგანიზებას უწევენ შეხვედრებს სხვადასხვა საკითხებზე, დისკუსიებისათვის იწვევენ პოლიტიკური პარტიების წევრებსა და კანდიდატებს. საზოგადოებას, სამოქალაქო ორგანიზაციებს, არაფორმალურ საზოგადოებრივ ჯგუფებს.
ასევე, პოლიტიკური პარტიების წევრებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს შეუძლიათ, უსასყიდლოდ გამოიყენონ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები შეხვედრების გასამართავად.
"დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მეშვეობით აშშ–ის მთავრობა ეხმარება ქართველ ხალხს, უფრო აქტიურად ჩაებას საკუთარი ქვეყნის დემოკრატიის მშენებლობაში. ცენტრების მომსახურება უფასოა. პროექტი ხორციელდება აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) დახმარებით" - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბეჭდვა