პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტებმა,  გაერთიანებულ სხდომაზე, 
დღეს „საქართველის 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს.
 
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დავით ებრალიძემ დეპუტატებს   მიმდინარე წლის ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებების პარამეტრები წარუდგინა, რის შემდეგაც სამივე კომიტეტის წევრებმა საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს. 
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთობლივი განხილვის დასრულების შემდეგ, მუშაობა გააგრძელა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, რომელმაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონის პროექტი განიხილა. პროექტის ინიციატორის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისეთი ძირითადი მიმართულებების პოპულარიზაციის მიზნით, როგორიცაა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია, აუცილებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასევე სათემო ლიცენზიის მფლობელთა ეთერით უსასყიდლო და არადისკრიმინაციული სოციალური რეკლამისათვის განკუთვნილი საათში 60 წამიდან 10 წამი   ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ რეკლამას დაეთმოს. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კომიტეტის შემადგენლობაში მაია ფანჯიკიძის  ელისო ჩაფიძით ჩანაცვლების საკითხსაც.
 გარდა ამისა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარედ გია ვოლსკის არჩევის გამო, მის ნაცვლად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თამჯდომარის მოადგილის თანამდებობას ანი მიროტაძე დაიკავებს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       