„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სამხედრო რწმუნებულის ინსტიტუტის შექმნას გაუმართლებლად მიიჩნევს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სამხედრო რწმუნებულის ინსტიტუტის შექმნას გაუმართლებლად მიიჩნევს
13:53 04.12.2012
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სამხედრო რწმუნებულის ინსტიტუტის შემოღებას, რომელიც სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული, გამართლებულად არ მიიჩნევს.
„კანონპროექტი ითვალისწინებს ახალი ინსტიტუტის - სამხედრო რწმუნებულის შექმნას, რომელსაც თითქმის იგივე უფლებამოსილებანი და სამართლებრივი გარანტიები გააჩნია, რაც სახალხო დამცველს, მაგრამ ფოკუსირებულია მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვაზე. მიგვაჩნია, რომ ამ ინსტიტუტის, რომლის შექმნაც სახელმწიფო ბიუჯეტს 465 760 ლარი დაუჯდება, ცალკე არსებობის საჭიროება არ არსებობს და უფრო მარტივი და ეფექტური იქნება, თუკი ამ კუთხით სახალხო დამცველის აპარატის ფუნციებსა და შესაძლებლობებს გავზრდით, მათ შორის სახალხო დამცველის ოფისში სპეციალური სამსახურის შექმნის გზით“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
„საერთაშორისო გაჭვირვალობა-საქართველო“ მიიჩნევს, რომ ლოკალური უფლებადამცველი ინსტიტუტების შექმნა მინიმუმ სერიოზულ დაბნეულობას შექმნის საზოგადოებაში.
„ახალი ინსტიტუტის შექმნა დღის წესრიგში ქართულ ჯარში გამოვლენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შემდეგ დადგა, რამაც აჩვენა, რომ ქართულ ჯარში ადამიანის უფლებები არასათანადოდ იყო დაცული. თუმცა ადამიანის უფლებების დარღვევა, მხოლოდ ქართულ ჯარში არ ხდებოდა, გასულ წლებში აქტიურად ირღვევოდა, როგორც პატიმართა, ისე მრავალი სხვათა უფლებები. შესაბამისად, თუ გავყვებით სამხედრო რწმუნებულის შექმნის იდეას, მაშინ ადამიანის უფლებათა ყველა სფეროში ცალკე უფლებადამცველი ორგანო უნდა შეიქმნას და ცალცალკე იყოს რელიგიური უმცირესობებისთვის, ეთნიკური უმცირესობებისთვის, პატიმრებისთვის, ბრალდებულებისთვის, საკუთრების უფლებაშელახული პირებისთვის და სხვათა უფლებების დამცველი ორგანოები. ეს კი, როგორც მინიმუმ სერიოზულ დაბნეულობას შექმნის საზოგადოებაში და გაართულებს სრული სურათის დანახვას ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე ქვეყანაში, რომ აღარაფერი ვთქვათ აღნიშნული სტრუქტურების ჩამოყალიბებასთან და ეფექტურობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე“ - მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
მათივე პოზიციით, უკეთესია სახალხო დამცველის აპარატს მიზნობრივი დაფინანსება გაეზარდოს და ამ საკითხებზე სამუშაოდ ცალკე დეპარტამენტი შეიქმნას.
„ამ გზით შესაძლებელი იქნება ჯარისკაცთა უფლებების დასაცავად იმ მრავალწლიანი გამოცდილების, ცნობადობისა და ადამიანური რესურსების გამოყენება, რომელიც სახალხო დამცველს უკვე გააჩნია“ - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ბეჭდვა