თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ახალი კანდიდატურა - პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე წარუდგინა. 
თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, კანდიდატურის შერჩევა საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის კონსულტაციების შედეგად მოხდა. ირაკლი ალასანიას განცხადებით, შეთანხმების შედეგად მიღწეული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილი რეფორმები  უფრო სწრაფად განხორციელდება. 
სამინისტროს ინფორმაციითვე, თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკ ძნელაძეს უკვე მისცა პირველი დავალება - ნატოს სამხედრო კომისიის სხდომის მომზადება. 
პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 20 წელია მსახურობს. ბოლო პერიოდში ის იყო საქართველოს თავდაცვის ატაშე უკრაინაში. მანამ  სხვადასხვა პერიოდში ის  J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტსა და სახმელეთო ჯარების სარდლობაში მსახურობდა.
 
 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       