ნინო ბურჯანაძე - უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა გამოცდილი პოლიტიკური ლიდერი პოლიტიკურ ამბიციაზე უარს ამბობს
ნინო ბურჯანაძე - უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა გამოცდილი პოლიტიკური ლიდერი პოლიტიკურ ამბიციაზე უარს ამბობს
18:43 07.03.2012
ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის შესაქმნელად, "დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენლები პოლიტიკურ ამბიციებზე უარს ამბობენ.

როგორც "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც სხვებზე არანაკლები გამოცდილების მქონე პოლიტიკური ლიდერი, საერთო მიზნის მისაღწევად, პოლიტიკურ და პირად ამბიციაზე უარს ამბობს.

"ამ უპრეცედენტო წინადადებას ხელის შეშლას ნამდვილად ვერ დავარქმევ. ვინმეს დახმარებას ან გვერდით დგომას არ ვითხოვთ, არც საპარლამენტო და სხვა თანამდებობას. იმისთვის, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიანი ფრონტი შედგეს, ყოველივე ამაზე უარს ვაცხადებთ ", - განაცხადა ბურჯანაძემ.

საერთო საქმისთვის ხელის შეშლაზე გუშინ ბიძინა ივანიშვილმა "სახალხო კრებისა" და "ქართული აკადემიის" წევრებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

"ნიჭიერმა ადამიანმა უნდა მოახერხოს და კონკრეტულ სიტუაციაში პრიორიტეტები გააკეთოს. არ უნდა დარჩე მხოლოდ პატარა ბავშვივით - "ჩემი" და "მე". აი, ეს გადაეცით ჩემგან ქალბატონ ნინოს - არ არის აუცილებელი მონაწილეობა მიიღო საქმეში, როცა ამით კი არ ეხმარები, არამედ აზიანებ მას", - განაცხადა ივანიშვილმა შეხვედრაზე.

ბეჭდვა