თავდაცვის სფეროში ამერიკულ მხარესთან, ორმხრივი კონსულტაციები გაიმართა
თავდაცვის სფეროში ამერიკულ მხარესთან, ორმხრივი კონსულტაციები გაიმართა
16:59 30.11.2012
სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ , დღეს თავდაცვის სფეროში ქართულ-ამერიკული ორმხრივი კონსულტაციები გაიმართა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონსულტაციებზე განხილვის მთავარი თემა აშშ-საქართველოს შორის გაღრმავებული სამხედრო თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს ISAF-ის მისიაში მონაწილეობა და მისიის დროს დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის პროგრამები იყო.

„შეხვედრაზე განვიხილეთ დასახული მიზნები და ერთიანი ძალებით მიღწეულ პროგრესზე ვისაუბრეთ. აშშ მხარს უჭერს საქართველოს, თავდაცვის სფეროში დაგეგმილი რეფორმების განხორციელებაში. ასევე, ერთობლივად ვმუშაობთ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ავღანეთის მისიისთვის მომზადებაში“ - განაცხადა ამერიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ ეველინ ფარკასმა.

ქართული მხარის მხრიდან კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან დოლიძემ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ, ასევე, სამინისტროს და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა პირებმა. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები.

კონფერენციაზე მხარეებმა ამერიკის მიერ საქართველოს სამხედრო სფეროში დახმარების პრაქტიკულად განხორციელების საკითხებზეც იმსჯელეს, რაც პირველ რიგში საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას და თავდაცვით საბრძოლო საინჟინრო სფეროში წვრთნასა და განათლებას ითვალისწინებს.

„ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა, რომ მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი საქართველოს და აშშ-ს შორის ორმხირივი სამხედრო თანამშრომლობის სფეროში. გარდა ამისა, ჩვენი თანამშრომლობა კონსულტაციების, ანალიზისა და შეფასების ეტაპიდან დღეს უკვე გადავიდა იმპლიმენტაციის ანუ მისი აღსრულების ეტაპზე, რაც ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განვითარებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია “ - განაცხადა ლევან დოლიძემ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე ეველინ ფარკასი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაშიც იმყოფებოდა. ამერიკული დელეგაციის ვიზიტი საქართველოში დღეს სრულდება.

ბეჭდვა