პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ,
ეკა ბესელიამ დღეს დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და დევნილი პირების სიასთან, ასევე  "ამნისტიის შესახებ“  კანონის პროექტთან დაკავშირებით  შემაჯამებელი მოხსენება გააცნო.
 ბესელიას განცხადებით, სამუშაო ჯგუფმა, რომელიც კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე 1 ნოემბერს შეიქმნა, სხვადასხვა პირთა და მათი ადვოკატების განცხადებები შეისწავლა. სტატუსის მისანიჭებლად პირების სია ძირითადად იმ განცხადებების საფუძველზე შედგა, რომლებიც  არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჯერ კიდევ სამუშაო ჯგუფის შექმნამდე იყო შესწავლილი.
როგორც ბესელიამ სტუმრებს განუმარტა, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და დევნილი პირების სტატუსის მინიჭებისას კომიტეტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის დადგენილებით და ევროპის საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს.
მისივე განცხადებით,  სამუშაო ჯგუფმა საბოლოო ჯამში 200-ზე მეტი ადამიანის საქმე განიხილა. წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, 185 პირი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულად მიიჩნიიეს, ხოლო 22 - პოლიტიკური ნიშნით დევნილად. მისივე თქმით, ზემოაღნიშნული კატეგორიის პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლების სამართლებრივ მექანიზმს პარლამენტი შეიმუშავებს, დადგენილების სახით განიხილავს და მიიღებს.
ეკა ბესელიას განმარტებით, სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, პოლიტპატიმრებად აღიარებულ პირებს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება ექნებათ.  
რაც შეეხება "ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტს, ეკა ბესელიას ინფორმაციით, სხვადასხვა უწყებიდან უკვე შემოსულია გარკვეული შენიშვნები და წინადადებები, რომელთა განსაზღვრული ნაწილი კანონროექტში გათვალისწინებული იქნება. "აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       