პარტია „თავისუფალი საქართველო“ ახალ ხელისუფლებას 112-ის მომსახურების ღირებულების მიზანშეწონილობის გადახედვისკენ მოუწოდებს.  
„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ არალეგიტიმურად იზღუდება კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლება, რადგან, იმ პირებს რომლებიც ფლობენ მობილურ ან ფიქსირებულ ტელეფონს, მათი წინასწარი თანხმობის გარეშე ექვითებათ თანხა მომსახურებისთვის, რომლითაც მათ შესაძლოა საერთოდაც არ უსარგებლიათ.
პარტიის მონაცემებით,  საქართველოში  2011 წლის მონაცემებით მობილური ქსელის 3.710.000 და ფიქსირებული ქსელის 1.245.000 აბონენტი იყო რეგისტრირებული. „გამოდის, რომ ყოველთვიურად, ამ გზით ხდება მილიონზე მეტი ლარის ჩამოჭრა საქართველოს მოსახლეობისთვის“ - აცხადებენ პარტიაში.
„მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე მაღალი რანგის მეხანძრის ან მაშველის, ანუ პირის, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს იგდებს საფრთხეში ამ სამსახურში მუშაობით, მაქსიმალური ხელფასი განისაზღვრება 550 ლარით. მაშინ, როცა მათი ზედამხედველების, რომელთა ფუნქციაც ბოლომდე დაუდგენელია, მინიმალური ხელფასი 1 300 ლარს შეადგენს. ამასთან, მწყობრიდან არის გამოსული სამაშველო სამსახურის აპარატურის მნიშვნელოვანი ნაწილი და დასაქმებულებს არ აქვთ მუშაობისთვის საჭირო პირობები. ამდენად, ყოვლად გაუგებარია რაში იხარჯება ყოველთვიურად მობილიზებული მილიონობით ლარი, რომლის დაქვითვაც ჩვენი მოქალაქეების სატელეფონო ბალანსიდან ხდება“ - მიიჩნევენ პარტიაში.
„თავისუფალი საქართველო“  შესაბამისი სტრუქტურების მიერ, 112-ის მომსახურებისთვის გადახდილი თანხების ხარჯვის მიზნობრიობის შესწავლას მოითხოვს. ის ასევე მოუწოდებს ახალ ხელისუფლებას,  გადახედოს 112-ის მომსახურებისთვის დაწესებული გადასახადის მიზანშეწონილობას და იზრუნოს იმ დასაქმებულების პირობების გაუმჯობესებასა და ანაზღაურების გაზრდაზე, ვინც უშუალოდ ახორციელებს სამაშველო ოპერაციებს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       