ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტისა და ყოფილი მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე საუბრობს
ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტისა და ყოფილი მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე საუბრობს
16:41 28.11.2012
პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პატიმრების არსებობის აღიარება მოხდება, პრეზიდენტის და ყოფილი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კარგად იცის, რომ მას შემდეგ რაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ოფიციალურად აღიარებს წინა ხელისუფლების პერიოდში პოლიტიკური პატიმრების არსებობას, ბუნებრივად დადგება პრეზიდენტისა და ყოფილი ხელისუფლების მმართველი გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი.
ამდენად ის მიზანმიმართულად ცდილობს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანებისათვის პოლიტპატიმრის და პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა პარლამენტში მაქსიმალურად გაჭიანურდეს ან ჩაიშალოს. ეს ვადა მათ სჭირდებათ მიმდინარე პროცესის დისკრედიტაციისათვის და პარალელურად საკუთარი პარტიის, როგორც ახალი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დევნის ვითომდა მსხვერპლად წარმოსაჩენად“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, ის მიესალმება ახალი ხელისუფლების, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას, რიგი უფლებადაცვითი ორგანიზაციებისა და ცალკეული უფლებადამცველების უკომპრომისო, ღირსეულ და სამართლიან პოზიციას პოლიტპატიმრების საკითხთან დაკავშირებით.
„ჩვენ არც კი ვუშვებთ იმის ალბათობას, რომ პოლიტპატიმრისა და პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხი 5 დეკემბერს გდასცილდება. საპარლამენტო უმრავლესობამ, მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეული, მზაკვრული ქმედებებისა, ყველაფერი უნდა გააკეთოს აღნიშნული, ჩვენის აზრით ქვეყნისათვის ღირსების საკითხის, უმოკლეს ვადაში, დადებითად გადასაწყვეტად“ - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი.

ბეჭდვა