გაფრინდაშვილი ივანიშვილს შეხვედრის სრული ვიდეოჩანაწერის გავრცელებას სთხოვს
გაფრინდაშვილი ივანიშვილს შეხვედრის სრული ვიდეოჩანაწერის გავრცელებას სთხოვს
17:33 07.03.2012
"სახალხო კრების" წარმომადგენელი ნონა გაფრინდაშვილი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს თხოვნით მიმართავს.
"ჩემი თხოვნაა პირადად ივანიშვილისადმი და მისი "ფეისბუქის" გვერდის ადმინისტრატორებისადმი, "სახალხო კრების" და "ქართული აკადემიის" წევრებთან ივანიშვილის შეხვედრის სრული ჩანაწერი დადონ, რათა ხალხმა ზუსტად გაიგოს შეხვედრის დეტალები და ის, რაც იქ ითქვა", - განაცხადა გაფრინდაშვილმა.
იგი განმარტავს, რომ "სახალხო კრების" და "ქართული აკადემიის" წევრების შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში თითქმის 3 საათი გაგრძელდა. "სახალხო კრებიდან" შეხვედრაზე 4 წევრი იყო მიწვეული - რეზო ესაძე, ლუკა კურტანიძე, სოსო ჯაჭვლიანი და თავად ნონა გაფრინდაშვილი.
"ეს ხანგრძლივი საუბარი იყო და ამდენად, მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემთვის მხოლოდ შეხვედრის ჩანაწერის მცირე ნაწილის დადება სოციალურ ქსელში", - განაცხადა გაფრინდაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ამ შეხვედრის ინიციატორი ბიძინა ივანიშვილი იყო, თუმცა, სურვილი ორივე მხარეს ჰქონდა.
იგი განმარტავს, რომ "ქართული აკადემიის" წევრების გამოჩენა შეხვედრაზე მათთვის მოულოდნელი იყო.
გაფრინდაშვილი ნინო ბურჯანაძისა და "დემოკრატიული მოძრაობის მისამართით ივანიშვილის განცხადებებს არ იზიარებს და მისთვის, ასევე გაუგებარია რაში მდგომარეობს ბურჯანაძის პრორუსულობა.
"ხელისუფლების წარმომადგენლები რამდენიმე ხნის წინ, ივანოვის ხელმძღვანელობით, ვენაში რუსულ დელეგაციას შეხვდენენ. მათ ეს არ ეთვლებათ აგენტობად, ხოლო როცა ნინო ბურჯანაძე ხვდება რუსულ ხელისუფლებას, ეს აგენტობად ფასდება", - განაცხადა გაფრინდაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში შეხვედრა გუშინ შედგა, რომელსაც "სახალხო კრებისა" და "ქართული აკადემიის" წევრები ესწრებოდნენ.

ბეჭდვა