"პოლიტიკური პარტიების შესახებ" კანონში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით დამატება შევა.
აღნიშნული განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა დღეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მინაშვილის განცხადებით, ნათლად ჩანს, რომ საერთაშორისო ფონდების საქმიანობა არ იზღუდება, მაგრამ რადგან გაუგებრობა წარმოიშვა, კანონში დამატება შევა.
"ეს დამატება ახალი მუხლი იქნება, ქვეპუნქტი თუ უბრალოდ ერთი წინადადება, ამაზე მსჯელობა დაიწყო და საბოლოო ფორმულირებაც ჩამოყალიბდება" , – აღნიშნა მინაშვილმა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კანონში დასამატებელი მუხლის შინაარსი, ჯერჯერობით ვერ დააკონკრეტა.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან დღევანდელი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის დავალებით გაიმართა. შეხვედრას 10–ზე მეტი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. ორ საათიანი დახურული შეხვედრის შემდეგ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების მხრიდან მხოლოდ ზოგადი განმარტებები გაკეთდა.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართებაში, რომელთა საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციონალური გაძლიერება წარმოადგენს, ცალკე მუხლი ჩაიდება. საკანონმდებლო ჩანაწერით განისაზღვრება, რომ კანონით დადგენილი რეგულაციები მათ საქმიანობას საფრთხეს არ უქმნის.
