საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „კიევ პოსტ“-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა,
რომლის ფარგლებშიც მან კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
პრეზიდენტის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოსვლისას სააკაშვილმა საქართველოსა და უკრაინის მეგობრობასა და საერთო ღირებულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროინტეგრაცია ორივე ქვეყნის უალტერნატივო მომავალია. მიხეილ სააკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ის გამოცდილება გაუზიარა, რომელიც ქვეყანამ მისი და მისი გუნდის 9 წლიანი მართველობის პერიოდში დააგროვა. მან გამოსვლისას ის ეკონომიკური და სამართლებრივი რეფორმები გამოყო, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებმა რეგიონში ერთ-ერთი სამაგალითო მოდელად აღიარეს. გამოსვლისას, ქვეყნის სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში დაწყებული პროგრესი კვლავ გაგრძელდება, რადგან ქართველი ერი წარსულში დაბრუნების არჩევანს აღარ გააკეთებს.
„ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციითვე, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და არსებულ პროგრესზე კონფერენციაზე ისაუბრა უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა პიოტრ პოროშენკომაც. მისი შეფასებით, ბოლო წლებში მიმდინარე ეკონომიკურმა რეფორმება ცხადყო, რომ საერთაშორისო ასპარესზე საქართველო მისაბაძი მაგალითი გახდა. განსაკუთრებული ყურადღება მან იმ ცვლილებებზე გაამხვილა, რომელთა შედეგადაც საქართველოში ბიზნესის კეთება გამარტივდა. პიოტრ პოროშენკომ თავისი მთავრობის წევრებს ამ წარმატებებისა და გამოცდილების გაზიარებისკენ მოუწოდა, რაც, მისივე თქმით, მნიშვნელოვანწილად განაპირობებს უკრაინის განვითარებასა და პროგრესს.
