საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინს შეხვდა.
შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საუბრისას საქართველო–ამერიკის შეერთებული შტატების 20 წლიან ურთიერთობას გაუსვეს ხაზი და იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა ორ მეგობარ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაღრმავდება. ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა ერიკ რუბინს იმ დიდი დახმარებისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უწევს. საუბარი ასევე შეეხო ქართულ–რუსული ურთიერთობების დარეგულირების საკითხს.
„თბილი, მეგობრული შეხვედრა გვქონდა, ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. კიდევ ერთხელ გავაანალიზეთ ორმხრივი ურთიერთობები და იმედი გამოვთქვით, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების ძალისხმევით, ის კიდევ უფრო გაღრმავდება“–განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
