საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანის მილი მეჯლისში გამოსვლისას, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, რუსი პატრიოტები საქართველოს მტრები არ არიან.
"ერთ დღეს, ჩვენ მათთან ერთად მშვიდობისა და თანამშრომლობის საერთო სივრცეს შევქმნით. ამას ენთუზიაზმით გავაკეთებთ, რადგან გეოგრაფიას ვერ შევცვლით და ისტორიას ვერ წავშლით. რუსეთთან საერთო წარსული და ერთად ასაშენებელი მომავალი გვაკავშირებს. დარწმუნებული ვარ, ამ მომავლის სახელი ევროკავშირი და ნატო იქნება. ეს რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტას არ უნდა ნიშნავდეს". - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მილი მეჯლისში.
საქართველოს პრეზიდენტი რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი რუსეთის მოქალაქეებისთვის მოსაწვევების გაგზავნის ტოლფასი იყო.
მიხეილ სააკაშვილი ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.
