საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს ევროპის საბჭოს ეწვევა.
ეს საზღვარგარეთ წულუკიანის პირველი ვიზიტია.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, მინისტრთა კომიტეტის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტში და ადამიანის უფლებათა კომისართან.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თეა წულუკიანი სასამართლოს თავმჯდომარეს, მთავარ გამწესრიგებელსა და მოსამართლეებს შეხვდება. იგეგმება სამუშაო შეხვედრა სასამართლოს სხვა წარმომადგენლებთან, რომლებსაც ქართულ საქმეებზე მუშაობა და მათი განხილვა უშუალოდ ავალიათ.
პრესსამსახურის ინფორმაციით, თეა წულუკიანი ევროპული სასამართლოს წარმომადგენლებს გააცნობს იმ ღონისძიებებს, რომლის გატარებასაც ახალი მთავრობა ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებისა და ევროპული სასამართლოს ქართული საქმეებისაგან განტვირთვის მიზნით გეგმავს. შეხვედრაზე ასევე განიხილება ევროპულ სასამართლოსა და საქართველოს მთავრობას შორის მომავალი თანამშრომლობის სხვა საკითხები.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტთან შეხვედრაზე მინისტრი ენუქიძისა და გირგვლიანის, ასევე სხვა ქართულ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ისაუბრებს.
