საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოში ვიზიტით მყოფ, დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრს დევიდ ლიდინგტონს სეხვდა.
ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
საუბარი შეეხო აგრეთვე საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობებს და ამ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ახალი მთავრობის მტკიცე პოზიცია, უზრუნველყოს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობა. მხარეებმა მიმოიხილეს ქართული მხარის გადაწყვეტილება რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების დაწყების მცდელობასთან დაკავშირებით, ასევე რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხები“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ბრიტანელმა მინისტრმა საკუთარი ქვეყნის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისადმი.
ბრიტანელი მინისტრი დღესვე საქართველოს პრემიერ- მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.
