"პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონთან დაკავშირებით საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა პარლამენტში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
პარლამენტში იმ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებიან, რომელთა საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობა წარმოადგენს.
შეხვედრის დაწყების წინ, არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს კომენტარი არ გაუკეთებია.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი,მისი მოადგილე ირაკლი ქავთარაძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჩიორა თაქთაქიშვილი ხვდებიან.
უცხოურ ორგანიზაციებთან შეხვედრა და იმის განმარტება, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი მათ საქმიანობას არ ზღუდავს, ორ კომიტეტს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დაავალა.
დავით ბაქრაძის განმარტებით, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართებაში, რომელთა საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციონალური გაძლიერება წარმოადგენს, ცალკე მუხლი ჩაიდება. საკანონმდებლო ჩანაწერით განისაზღვრება, რომ კანონით დადგენილი რეგულაციები მათ საქმიანობას საფრთხეს არ უქმნის.
