მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, კამპანია "ეს შენ გეხება" აქტიურ ქმედებებს გეგმავს.
ამის შესახებ "ნიუსპრესს" კამპანიის მონაწილე ორგანიზაციის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.
"ეს შენ გეხებას" მიზნების არასწორი ინტერეპრეტაცია მოხდა", - განაცხადა ჩუგოშვილმა და განმარტა, რომ კამპანია მხოლოდ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებზე ორიენტირებული არ არის და მისი მიზანი თითეოული მოქალაქის უფლებების დაცვაა.
ჩუგოშვილი აცხადებს, რომ საკითხები, რომლებზეც პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა აქცენტი, მისასალმებელია, თუმცა, ის მხოლოდ კამპანიის მოთხოვნების ვიწრო სპექტრს ეხება. კამპანიის წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ პარლამენტი ყველა წინადადებას განიხილავს.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართებაში, რომელთა საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციონალური გაძლიერება წარმოადგენს, ცალკე მუხლი ჩაიდება. ჩანაწერით განისაზღვრება, რომ კანონით დადგენილი რეგულაციები მათ საქმიანობას საფრთხეს არ უქმნის.
კამპანია "ეს შენ გეხებას" მონაწილე ორგანიზაციებმა პარლამენტში უკვე შეიტანეს საკანონმდებლო წინადადებების პაკეტი. წინადადებები პარტიებისთვის სანქციების შემცირებას, ყადაღის დადების წესის ზუსტად გაწერას, მოსყიდვის შემთხვევაში ამომრჩევლის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, კონტროლის პალატის მოქმედების ფარგლების განსაზღვრას და სხვა საკითხებს ეხება.
