ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, საქართველო ალიანსის წევრი გახდება.
"ბიბისის ინფორმაციით", აღნიშნული განცხადება რასმუსენმა ამ საკითხთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის პოზიციის კომენტირებისას განაცხადა.
"ნატო-ს ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღება არც ერთ მესამე მხარეს არ შეუძლია. ნატო-ს კარი ღია რჩება იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც ჩრდილო ატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაში მონაწილეობენ", -განმარტა რასმუსენმა.
მისივე განცხადებით, სწორედ იგივე პოლიტიკა ეხება საქართველოსაც.
"მინდა გავიმეორო 2008 წელს ბუქარესტში, ნატო-ს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, რა თქმა უნდა, აუცილებელი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ. ამ მიმართულებით პროგრესის მისაღწევად ჩვენ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ვთანამშრომლობთ", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
