კანონში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით ჩანაწერის გაკეთებას, კამპანია "ეს შენ გეხებას" მონაწილეები მიესალმებიან.
ამასთან, როგორც კამპანიაში ჩართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, ცვლილება მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებს არ უნდა ეხებოდეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართებაში, რომელთა საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციონალური გაძლიერება წარმოადგენს, ცალკე მუხლი ჩაიდება. ჩანაწერით განისაზღვრება, რომ კანონით დადგენილი რეგულაციები მათ საქმიანობას საფრთხეს არ უქმნის.
კამპანია "ეს შენ გეხებას" მონაწილე ორგანიზაციებმა საკანონმდებლო წინადადებების პაკეტი მოამზადეს, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია.
წინადადებები პარტიებისთვის სანქციების შემცირებას, ყადაღის დადების წესის ზუსტად გაწერას, მოსყიდვის შემთხვევაში ამომრჩევლის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, კონტროლის პალატის მოქმედების ფარგლების განსაზღვრას და სხვა საკითხებს ეხება.
