ევროპარლამენტის პრეზიდენტის მარტინ შულცის განცხადებით, ევროკავშირი დიდი ინტერესითა და ღელვით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
„ის, რაც ქვეყანას ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ სჭირდება, არის წინდახედული და ფრთხილი გარდამავალი პერიოდი. იგივე საკითხი გუშინ ახლადარჩეულ პრემიერთანაც განვიხილე. ეს არ არის პირველი ქვეყანა, სადაც პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან და იმის კარგი მაგალითი, რომ ეს შესაძლებელია, არის საფრანგეთი.
შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2013 წლის ოქტომბერში გაიმართება და თქვენ და ახალი მთავრობის პრემიერ-მინისტრმა თანაარსებობა, მინიმუმ, შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე უნდა შეძლოთ“ - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს რეგიონში მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს და ამიტომ სტაბილური მთავრობა და სტაბილური თანაშრომლობა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ევროკავშირისთვის.
„ეს არის მიზეზი, რის გამოც ევროპარლამენტის სახელით, გუშინ პრემიერ-მინისტრს მივმართე და დღეს საქართველოს პრეზიდენტთანაც იგივე გავიმეორე.იმედი მაქვს, ჩემს რჩევას ორივე პასუხისმგებელი პირი გაითვალისწინებს.
ჩვენ თვალს ვადევნებთ მთავრობისა და პრეზიდენტის მიერ მიღებულ ზომებს. უფრო მეტიც, მე და პრეზიდენტი სააკაშვილი შევთანხმდით, რომ უნდა შევინარჩუნოთ მჭიდრო კონტაქტი“ - განაცხადა შულცმა.
მისივე თქმით, ის სააკაშვილმა საქართველოში მიიწვია, თუმცა „გადატვირთული გრაფიკის“ გამო ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, საქართველოში ჩამოსვლის ზუსტი დროის დასახელებისგან თავი შეიკავა.
