რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახლმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ელჩ ფილიპ დიმიტროვს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ელჩთან ერთად სახელმწიფო მინისტრის აპარატში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების ხელმძღვანელი რამონ რეგადა და პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე რენატა ვრობელიც იმყოფებოდნენ.
პრესსამსახურის ცნობით, დიმიტროვმა შეხვედრაზე აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონსა და საქართველოს სხვა რეგიონებში ევროკავშირის პროექტებისა და საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ევროკავშირი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს "გამყოფი ხაზების" ორივე მხარეს მცხოვრებ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენასა და კონფლიქტის გრძელვადიან მოგვარებაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე, ისევე როგორც ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამართულ შეხვედრებზე, საერთაშორისო პარტნიორებმა დაგვიდასტურეს არაღიარების პოლიტიკაში მხარდაჭერა და თანამშრომლობისთვის მზაობა" - განაცხადა მინისტრის მოადგილემ ქეთევან
ციხელაშვილმა.
რეინტერგაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის რანგში პაატა ზაქარეიშვილმა უკვე გამართა შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფოს ელჩებთან და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებთან. კერძოდ, პაატა ზაქარეიშვილი შეხვდა გაეროს მუდმივ კოორდინატორს, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, ნიდერლანდების, ისრაელის, შვედეთის, ჩეხეთის, თურქეთის, ესტონეთისა და ავსტრალიის ელჩებს, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს.
