"ქრისტიან-დემოკრატებმა" ადმინისტრაციული კანონმდებლობის რეფორმის სტრატეგია მოამზადეს.
აღნიშნული განცხადება დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე "ქრისტიან–დემოკრატების" წევრმა ნიკა ლალიაშვილმა გააკეთა.
"მოძრაობამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად ადმინისტრაციული კანონმდებლობის რეფორმის სტრატეგია მოამზადა, რომელიც დღეისთვის მოქმედ არაჰუმანურ და ადამიანის უფლებების შემლახავ ადმინისტრაციულ კოდექსში ფუნდამენტურ ცვლილებებს ითვალისწინებს," – განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.
მისივე შეფასებით, ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის მოახლოებასთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციები სულ უფრო აქტიურად ინტერესდებიან ქართული კანონმდებლობით. ეს განსაკუთრებით ადმინისტრაციული პატიმრობის ინსტიტუტს ეხება.
"ადმინისტრაციული დაკავების დროს, დაკავებულს არ ეძლევა შესაძლებლობა ოჯახის წევრებს ან ადვოკატს დაუკავშირდეს. სასამართლოს გადაწყვეტილებები მხოლოდ პოლიციის თანამშრომლის ჩვენებებს ეყრდნობა", - განაცხადა ლალიაშვილმა.
მისი განმარტებით, ახალი კანონმდებლობით ადმინისტრაციულ დაკავებას საფუძველი უკვე აღარ სჭირდება. პოლიციელს მიჰყავს დაკავებული სასამართლოში, სადაც პროცესი 5 წუთი გრძელდება. საქმეში ჩართვის შემთხვევაში, ადვოკატს მოსამზადებლად მხოლოდ 10 წუთი აქვს, ასეთ დროს, პროცესი შეიძლება 15 წუთი გაგრძელდეს.
ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში ცვლილებებს "ქრისტიან-დემოკრატები" პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგენენ.
