პრეზიდენტი ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის თავმჯომარეს შეხვდა
პრეზიდენტი ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის თავმჯომარეს შეხვდა
11:20 14.11.2012
ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის თავმჯდომარეს ჯოზეფ დულს შეხვდა.

როგორც პრეზიდენტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იყო.
კონკრეტულად კი, „მიხეილ სააკაშვილმა და ჯოზეფ დულმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები, მათ შორის, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების საკითხები განიხილეს. ამას გარდა საუბარი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსაც შეეხო. როგორც სახალხო პარტიის ჯგუფის თავმჯდომარემ აღნიშნა, იგი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“ - ნათქვამია პრეზიდენტის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდე.

ჯოზეფ დულთან შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა. მან ყველას მოუწოდა შესაბამისად გამოიყენონ მთავრობის გადაბარების დემოკრატიული პროცესი, რადგან ამით ევროპას დამატებითი სტიმული მიეცა, რაც აუცილებლად უნდა აისახოს ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საქართველოს სასარგებლოდ.
პრეზიდენტის განცხადებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ყველას ინტერესია და ახლა, როგორც არასდროს, ამ მიზნით ინტენსიური მუშაობაა საჭირო.



ბეჭდვა