ივანიშვილი ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა
ივანიშვილი ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა
15:36 13.11.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღეს ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს შეხვდა.

როგორც პრემიერ-მინისტრის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი,მარტინ შულცმა ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართულ–რუსული ურთიერთობების თემას. შულცის განცხადებით, მისასალმებელია საქართველოს ახალი მთავრობის სურვილი, იქონიოს რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობები.

ფეისბუქის გვერდის ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ, რასაც მარტინ შულცის მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა. ქართულმა მხარემ აქვე მიუთითა, რომ ელოდება შემხვედრ ნაბიჯებს რუსეთისგან.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცედურებს და აღინიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ვილნიუსის სამიტამდე უნდა მოხერხდეს.

ბეჭდვა